"საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთის ფედერაციაში კარგად იცნობენ მოსკოვში", - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვთქვა: ჩვენ ზურაბ აბაშიძეს კარგად ვიცნობთ, როგორც საქართველოს ყოფილ ელჩს რუსეთში ასევე გამოცდილ ადამიანსა და დიპლომატს. მას არაერთგზის შევხვდერივართ ბოლო წლების განმავლობაშიც", - განაცხადა კარასინმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა თავის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთის ფედერაციაში ზურაბ აბაშიძე დანიშნა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, აბაშიძე გამოცდილი დიპლომატია და კარგი კავშირები აქვს რუსეთთან. ივანიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ქართული მხარის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება. როგორც პრემიერმა განაცხადა, პირველ რიგში სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები აღდგება, რის შემდეგაც დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა დაიწყება. ექსპერტების შეფასებით, აბაშიძე კარგი დიპლომატია და რუსეთთან ვაჭრობისა და კომუნიკაციების საკითხების დარეგულირებას შეძლებს.