საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ნავთლუღი-220" -ში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" კუთვნილი მაღალი ძაბვის ქვესადგური "ნავთლუღი-220" ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სისტემური ქვესადგურია, საიდანაც დედაქალაქი, გარდაბნის რაიონი, ქალაქი რუსთავი და მისი მიმდებარე ტერიტორია მარაგდება.
ქვესადგური ექსპლუატაციაში 1949 წელს გაიშვა და მას შემდგომ მსგავსი მასშტაბური რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. "ნავთლუღი 220"-ში შეიცვლება 21 ამომრთველი, 100-მდე გამთიშველი, 7 კომპლექტი ძაბვის ტრანსფორმატორი და 28 კომპლექტი დენის ტრანსფორმატორი.
ქვესადგურში ასევე სრულად შეიცვლება საკაბელო მეურნეობა, დამონტაჟდება ახალი მართვისა და დაცვის სისტემები.
ყველა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩართულ ქვესადგურში ჩატარდება, რათა არ მოხდეს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვა.
ქვესადგური "ნავთლუღი - 220"-ის სრული რეაბილიტაცია 2010 წლის ბოლოსთვის დასრულდება.