ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საარჩევნო სიების გადამოწმების პროცედურის "ქრისტიან-დემოკრატების~ ვარიანტს პირველ რიგში მხარი ოპოზიციამ უნდა დაუჭიროს და ასეთ შემთხვევაში მხარდაჭერას თავადაც გამოუცხადებენ. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, "ქრისტიან-დემოკრატების~ მიერ დღეს გაჟღერებული ინიციატივის კომენტარისას გააკეთა.
"ქრისტიან-დემოკრატები" პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესის ერთობლივად და კონსოლიდირებულად წარმართვას სთავაზობენ. მათი ინიციტივით, უკეთესი იქნება, თუ სიების გადამოწმებისთვის გამოყოფილ თანხას პარტიები ერთად დახარჯავენ და არა ცალ-ცალკე.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კი, ამ საკითხზე შეთანხმება პირველ რიგში ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული და, მისი თქმით, თუკი ოპოზიცია ამ შეთანხმებას მიაღწევს, ხელისუფლება სიამოვნებით დაუჭერს მხარს.
მთავარი კი, ბაქრაძის განცხადებით, არის ის, რომ "სიების გადამოწმებისთვის გამოყოფილი თანხის დახარჯვას კონკრეტული შედეგი მოჰყვეს, ხოლო რა გზით მიიღწევა ეს შედეგი, ეს უკვე ტაქტიკური საკითხია~.
გარდა ამისა, როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, ცესკოსში არის სრული მზადყოფნა, რომ გაითვალისწინონ ყველა ის დასაბუთებული შენიშვნა, რომელიც სიებთან დაკავშირებით ცესკოში პოლიტიკური პარტიებიდან შევა.
ამომრჩეველთა სიების გადამოწმებისთვის პოლტიკური პარტიებისთვის სულ მილიონ 200 ათასია გამოყოფილი, საიდანაც თითოეულ პარტიას 100 ათასი ერგო.