პარლამენტსგარეთ მყოფმა პარტიებმა, რომლებსაც საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობა სურთ, შესაბამისი უფლების მოპოვებისთვის ცესკოს 30 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარუდგინონ.
არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს აღნიშნულ ვალდებულებას საარჩევნო კოდექსი უწესებს.
როგორც კანონმდებლობაშია გაწერილი, პარტიამ, რომელსაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავს, აღნიშნული რაოდენობის ხელმოწერა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 50 დღისა.
ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და ცესკოსთვის შესაბამისი დასკვნის წარდგენის შემდეგ, სწორედ საარჩევნო კომისია წყვეტს, მისცეს თუ არა პარტიას შესაბამის რეგისტრაციაში გატარების უფლება.