წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის ფარგლებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება დასჯადია.
როგორც საარჩევნო კანონმდებლობაშია გაწერილი, არჩევნებში მონაწილე კანდიდატი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას სახელმწიფო რესურს ან თანამდებობრივ მდგომარეობას "ბოროტად" გამოიყენებს, ჯარიმის სახით 1 000 ლარის გადახდა დაეკისრება.
გარდა ამისა, ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება ყველა იმ პირს, რომელიც ადგილობრივ/საერთაშორისო დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს კანონით დადგენილი საქმიანობის განხორციელებაში ხელს შეუშლის. ამ შემთხვევაში საარჩევნო კოდექსით შესაბამისი პირების 500 ლარით დაჯარიმებაა გათვალისწინებული.
დასჯადია თავად დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობებისა და მოთხოვნების დარღვევაც. ამ შემთხვევაში 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა მათაც მოუწევთ.