დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრა იმართება. შეხვედრას ქართული და ოს სეპარატისტთა დელეგაცია მონაწილეობენ.
აღნიშნულ შეხვედრას გარეოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იოჰან ვერბეკე ესწრება.
დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე, სავარაუდოდ, ოსური მხარისა და რუსი სამხედროების მიერ 31 აგვისტოს დაკავებული ექვსი ქართველის გათავისუფლების საკითხს დააყენებს.
საქართველოს 6 მოქალაქე 31 აგვისტოს კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს. მათ ბრალად ახალგორის რაიონიდან ძვირფასი ხის მასალების კონტრაბანდულად გატანა ედებათ.
ქართული მხრიდან შეხვედრას საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო და აბალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი ესწრება, სეპარატისტთა მხრიდან კი ედუარდ კოკოითის ე.წ. რწმუნებული პოსტკოფლიქტური დარეგულირების საკითხში ბორის ჩოჩიევი.
შეგახსნებთ, რომ სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფების რიგგარეშე ბოლო შეხვედრა 19 ოქტომბერს გაიმართა.
აღნიშნული შეხვედრა რიგგარეშე იყო და იგი ოსური მხარის მოთხოვნით გაიმართა. შეხვედრაზე ოსმა სეპარატისტებმა უგზო-უკვლოდ დაკარგული ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მოძიების საკითხი დააყენეს.
შეხვედრამ საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა ქართული მხარე საკითხისადმი არაკონსტრუქციულ მიდგომაში დაადანაშაულა.