მოსკოვის მთავრობამ და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა სოხუმში "2010-2012 წლებში თანამშრომლობის" ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულებას ხელი სეპარატისტული აფხაზეთის მხრიდან აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა იური ზვირიკმა და მოსკოვის საგარეო და ეკონომიკური კავშირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა დსთ-სა და ბალტიის სამმართველოს საკითხებში ვალერი საპოჟნიკოვმა მოაწერეს.
ხელმოწერის ცერემონიალს აფხაზეთში ე.წ. რუსეთის ელჩი სემიონ გრიგორიევი ესწრებოდა. მან გაიხსენა ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრ მედვედევმა განაცხადა, რომ "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დაცვა პრიორიტეტული მიმართულებაა".
"აფხაზეთში ამ ამოცანას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველო ღირსეულად უმკლავდება",_ განაცხადა გრიგორიევმა და დასძინა, რომ აფხაზეთს უკვე კარგა ხანია ეხმარება მოსკოვის მთავრობა და ახლაც მოსკოვის მთავრობა აფხაზეთში არსებული სასაზღვრო სამმართველოსათვის დახმარების ვალდებულებას თავის თავზე იღებს.