აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ მთავარი სიახლე რაც საქართველოს ოპოზიციურმა სპექტრმა ამერიკელი სტუმრებისაგან მოისმინა იყო ის, რომ აშშ აპირებს გაზარდოს დახმარება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.
"სიახლე რომელიც მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის მოადგილის მხრიდან გახლდათ ის, რომ ამერიკის მთავრობა, მაშინ როდესაც აშშ ამცირებს მთელი რიგი მიმართულებებით ხარჯებს მათ შორის ქვეყნის შიგნით, აპირებს გაზარდოს დახმარება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. იმედი გვაქვს, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში გახდება ახალი ბაზისი ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების კონსოლიდაციისათვის", _ განაცხადა თარგამაძემ და დასძინა, რომ მან პირადად სთხოვა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, რომ მათ გააძლიერონ კოორდინაცია საქართველოს ხელისუფლებასთან.
"მე პირადად ვთხოვე სახელმწიფო მდივნის მოადგილეს რომ კოორდინაცია მათი და მათი სამსახურების საქართველოს ხელისუფლებასთან იყოს უფრო მეტად მჭიდრო, არა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის კვალობაზე, არამედ ვითარების მართვის კვალობაზე რათა საქართველოს ხელისუფლება იყოს უფრო მეტად თავშეკავებული და ყურადღებიანი რათა ახალ პროვოკაციებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებისგან მოყვეს ჩვენი ადეკვატური და ეფექტური რეაქცია", _ განაცხადა თარგამაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი საქართველოში დღეს ერთდღიანი ვიზიტით ჩამოვიდნენ. ამჟამად ამერიკული დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს ხვდება.