4 თებერვლის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჟურნალისტების ეთერ თურაძისა და მზია ამაღლობელის სარჩელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მათი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტების განცხადებით, 2009 წლის 15 აგვისტოს ეთერ თურაძემ და მზია ამაღლობელმა საგაზეთო მასალის მომზადების მიზნით, კანონის მოთხოვნების დაცვით გადაკვეთეს საქართველო-თურქეთის საზღვარი. უკან დაბრუნებისას ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაიარეს საბაჟო შემოწმება. თუმცა, როგორც კი საბაჟოს თანამშრომლების მიერ შემჩნეულ იქნა ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული მოვალეობის შესრულების ფაქტი, მათ მოსთხოვეს საქმიანობის შეწყვეტა და საბაჟო ტერიტორიის დატოვება საბაჟო პროცედურებისათვის ხელის შეშლის საბაბით.
ჟურნალისტებმა საბაჟოს თანამშრომლებს მოსთხოვეს გაძევების სამართლებრივი საფუძვლის მითითება, რის შემდეგაც ისინი დააჯარიმეს საბაჟო მოხელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით.