"იმის გამო, რომ რუსეთში ტარდება ოლიმპიადა, ჩვენი სპორტი რატომ უნდა დაზარალდეს?!"_ განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ საქართველომ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.
"მე ვფიქრობ, რომ თუ ასე თქვა - ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი სპორტსმენები რატომ უნდა დაზარალდნენ?! ჩვენი მოქალაქეები ხომ მიდიან რუსეთში, ხომ ვაჭრობენ იქ და ხომ გვაქვს უამრავი კონტაქტი. იმის გამო, რომ რუსეთში ტარდება ოლიმპიადა, ჩვენი სპორტი რატომ უნდა დაზარალდეს?! რომ არ წავიდნენ, ამითი ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა გამოსწორდება?,_ აცხადებს ზაქარეიშვილი და აღნიშნავს, რომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის არმიღებით, საქართველო გაბრაზებულ და ცხვირჩამოშვებულ ადამიანად გამოჩნდება.
"გამოვჩნდებით გაბრაზებული, ცხვირჩამოშვებული ადამიანები, რომლებიც ადევნებენ თვალს სოჭის ოლიმპიადას. სოჭში ჩატარდება ოლიმპიადა მაინც და ყველა იქნება ბედნიერი",_ განაცხადა ზაქარეიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ: ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებს იმისთვის, რომ სოჭის ოლიმპიადა მშვიდობიანად ექსცესების გარეშე ჩატარდეს", _ განაცხადა ივანიშვილმა "ალიაში " გამოქვეყნებული მასალის კომენტირებისას. მისი განცხადებით, საქართველომ ოლიმპიადაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.
"თვითონ კარგი ფაქტია, რომ ახლა პროამერიკული გავხდი და პრორუსულობას თავი დაანებეს. ჩემი მხრიდან ოლიმპიადის ჩაშლა ძალიან არასერიოზული განცხადებაა. მე არაფერ შუაში არ ვარ და მსგავს რამეს არ განვიხილავთ. ღონისძიების ჩატარებას მივესალმებით. საქართველომ აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღოს და ჩვენ, როგორც მეზობელი, ყველაფერს გავაკეთებს იმისთვის, რომ ოლიმპიადა მშვიდობიანად, ექსცესების გარეშე ჩატარდეს", _ განაცხადა ივანიშვილმა.