"ალიანსი საქართველოსთვის" საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინაში საქართველოს საელჩოს უჩივის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ახლებში" განუცხადეს, შესაბამისი სარჩელი უკვე მომზადებულია და ის უკრაინაში ქართველი დამკვირვებლების გაგზავნას უკავშირდება.
"ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად ვითხოვეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინაში ქვეყნის საელჩოსგან, რომ გადმოეცათ იმ პირთა სია, რომლებიც უკრაინაში სადამკვირვებლო მისიით იყვნენ გაგზავნილნი. შესაბამისი სია არ მიგვიღია, რაც კანონის დარღვევაა. ეს ნიშნავს, რომ როგორც ვაშაძის უწყება, ისე საელჩო ინფორმაციას მალავს", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" "ახლებში".
ამ საკითხზე დღეს, 14:00 საათზე, ალიანსის წარმომადგენლები ფიქრია ჩიხრაძე და სოზარ სუბარი პრესკონფერენციასაც გამართავენ.
ალასანია-გამყრელიძე-უსუფაშვილის პოლიტიკური ალიანსი გრიგოლ ვაშაძისა და უკრაინაში საქართველოს დიპლიმატიური ორგანოს წინააღმდეგ მომზადებულ სარჩელს გენერალურ პროკურატურაში დღესვე შეიტანს.