"ნაციონალურ მოძრაობას" ვერანაირი რეორგანიზაცია ვერ უშველის", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძემ - ივანე მერაბიშვილის "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივნად დანიშვნის შესახებ საკითხის კომენტირებისას.
"ამ პოტსტზე მერაბიშვილის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალი სახე ვერ მოძებნა. იდეალური იქნებოდა ახალი, ცნობილი ადამიანი ჩაყენებინათ პარტიის სათავეში. თუმცა მათი ნულოვანი რეიტინგიდან გამომდინარე, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირება არავინ ისურვა. ამიტომ იძულებულები გახდნენ, ძიება პარტიის შიგნით დაეწყო", - განაცხადა ლაგაზიძემ.
მისი განცხადებით, შესაძლოა, მერაბიშვილს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს შესრულებული.
"საიტერესოა, რატომ შეაჩერეს არჩევანი მერაბიშვილზე. უპირველესად ის, რომ წარმოიდგინეთ - რამდენად არარეიტინგულია პარტიის ყველა დანარჩენი ფიგურა, რომ წინა პლანზე ისევ მერაბიშვილი წამოწიეს და გენერალურ მდივნად დანიშნეს. მეორე, ალბათ, მერაბიშვილს გარკვეული დამსახურება მიუძღვის იმაში, რომ პირველ ოქტომბერს ხელისუფლების გადაბარება მშვიდობიანად მოხდა და ძალისმიერი სცენარი არ განვითარდა. ამიტომ თუკი ეს წვლილი მერაბიშვილს მიუძღვის, ალბათ, ის ახალი ხელისუფლების სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი არ გახდება. როგორც ჩანს, ამის გარკვეული გარანტიები "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, რადგან მათი მხრიდან აბსურდული იქნებოდა ისეთი პირის წამოწევა, რომელიც სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტი შეიძლება გახდეს", - განაცხადა ლაგაზიძემ.
მისი განცხადებით, იმ მიზნით, რომ შესაძლოა მერაბიშვილს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის საკითხში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის და ამ მოტივით მერაბიშვილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს.
"გარანტიებზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ლოგიკურად ასე უნდა იყოს: "ნაციონალურ მოძრაობას" მოლოდინი აქვს იმის, რომ მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ განხორციელდება", _ განაცხადა ლაგაზიძემ.
შეგახსენებთ, რომ ივანე მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივნად დაინიშნა.