აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწიე ფილიპ გორდონი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.
მთავარი სასაუბრო თემა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხი და შიდა პოლიტიკური პროცესები იქნება.
საუბარი შეეხება მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებსაც.
"საუბრის ძირითადი ნაწილი დაუკავშირდება რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემებს, იმ საფრთხეებს რომლებიც საქართველოს რეალურად ელის გაზაფხულზე", - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ.
მისი თქმით, ასევე მიმდინარე წლის პოლიტიკურ კალენდარში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა თვითმმართველობის არჩევნები, როგორი გარემოა სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის რეფორმას ანუ კონსტიტუციური რეფორმის განხორციელებას და დინამიკას.
ხოლო საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე შეხვედრის დაწყების წინ აცხადებს, რომ შიდა პოლიტიკური კალენდრისთვის აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა.
"მე პირადად ამაზე ვისაუბრებ და არაფერი რომ არ შეცვლილა სწორედ ამაზე მინდა ვილაპარაკო და თან ძალიან სერიოზულად", _ განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი შეხვედრაზე მიწვეულები არიან ლევან გაჩეჩილაძე, დავით გამყრელიძე, ნინო ბურჯანაძე, და გიორგი თარგამაძე.