პარლამენტის პირველის სხდომის ჩატარება ცესკოზეა დამოკიდებული, _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა.
"კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის სხდომა უნდა ჩატარდეს არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში. ამ წუთის მდგომარეობით, არავინ იცის ცესკოს საბოლოო შედეგები. არ არსებობს შემაჯამებელი ოქმი. ამიტომ ბევრი რამ დამოკიდებულია ცესკოზე. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარება კონსტიტუციით დადგენილ ვადას არ გასცდება", _ განაცხადა ძიძიგურმა.
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის საკანონმდებლო ორგანო მძიმე მდგომარეობაშია, პირველი სხდომის ჩატარება შესაძლებელი იქნება.
"პირველი სხდომის ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ კომიტეტებისა და დეპუტატების მუშაობა წარმოუდგენელია", _ განაცხადა ძიძიგურმა.