საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აცხადებს, რომ მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდზე ქართულმა მხარემ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია, ვინადან ამჯამად ჟენევის მოლაპარაკებათა მაგიდაზე დაწყებულია განხილვა პროექტისა, რომელიც მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა წარადგინეს და არა რუსეთმა.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, წარდგენისას, რუსულმა მხარემ ეს დოკუმენტი დაიწუნა, ვინაიდან მასში იყო მოთხოვნა რუსეთის ფედერაციისადმი - გაეფორმებინა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება საქართველოსთან. ეს პუნქტი რუსეთის ფედერაციისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო, თუმცა, კაპანაძის განცხადებით, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად გადაწყდა ის, რომ ჟენევის დისკუსიის მონაწილენი სწორედ ამ დოკუმენტს ამუშავებენ ამჟამად.
კაპანაძე ასევე აღნიშნავს, რომ გარანტია იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს, ახლა, ბუნებრივია, არ არსებობს, თუმცა პროცესი დაიძრა და მუშაობა დაწყებულია.
"საუბარი და სამუშაო პროცესი დაიწყო, დაიწყო ე.წ. რაფტინგი ანუ დამუშავება იმ დოკუმენტისა, რომელიც თანათავმჯდომარეებმა წარმოადგინეს. ეს დოკუმენტი თავის თავში მოიცავს იმ იდეებს, რომელიც ქართულმა მხარემ წარადგინა მანამდე და რომელიც დაიწუნა რუსულმა მხარემ.
ანუ საბოლოო ჯამში ეს არის დოკუმენტი, რომელიც, სწორი მუშაობის შემთხვევაში, იქამდე მიგვიყვანს, რომ რუსეთი ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას აიღებს",_ აცხადებს კაპანაძე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ამგვარი ვალდებულება უკვე აღებული აქვს და მას დამატებითი ვალდებულებების აღებას ამჟამად არც არავინ სთხოვს.
"ჩვენ უკვე აღებული გვაქვს ეს ვალდებულება და არავინ გვთხოვს, რაიმე დამატებითი ვალდებულება ავიღოთ. ხოლო ამ დოკუმენტზე მუშაობა არის საჭირო იმისთვის, რომ რუსეთმა აიღოს ეს ვალდებულება.
მინდა ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობის ინტენსიფიკაცია მოხდა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა გაიზარდა რუსეთზე ძალის არგამოყენების ვალდებულებასთან დაკავშირებით. კონკრეტულად რომ ვთქვათ, ევროკავშირის მინისტრების მიერ იყო მოწოდება ხმამაღლა რუსეთისადმი, რომ აიღოს ეს ვალდებულება და მასთან ერთად ნატოს სამიტმა გააკეთა იმავე ტიპის განცხადება, ანუ ეს არის პროცესი, რომელზე სწორი მუშაობის შემთხვევაშიც რუსეთი ამ ვალდებულებას აიღებს",_ აცხადებს კაპანაძე.
ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ დოკუმენტში, რომელიც ამჟამად მაგიდაზე დევს განსახილველად, ყველა მონაწილემ თავისი შენიშვნები შეიტანა და ახლა უკვე მოხდება ამ შეტანილი შენიშვნების შესახებ შეთანხმების მიღწევა.
"დოკუმენტში, რომელიც ამჟამად დევს მაგიდაზე, ყველა მონაწილემ შენიშვნები შეიტანა, ახლა კი მოხდება უკვე ამ შენიშვნების შესახებ შეთანხმების მიღწევა. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ აქამდეც იყო ეს საუბრები, მაგრამ აქამდე არ იყო საუბარი კონკრეტულ დოკუმენტზე, ახლა კი უკვე კონკრეტული დოკუმენტია და ამ დოკუმენტის ფარგლებში ხდება ეს მოლაპარაკებები. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი და ამიტომ წავიწიეთ ერთი ნაბიჯით წინ - ერთია, როდესაც ეუბნები, რომ მოდი, აიღე ვალდებულება და მეორეა, როდესაც კონკრეტულ დოკუმენტზე მიდის მუშაობა. ბუნებრივია, არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ რუსეთი ამას ხელს მოაწერს. ამას დასჭირდება დიდი მუშაობა, დასჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ზეწოლა და დასჭირდება აქტიური დიპლომატია, მაგრამ მე ვსაუბრობ მიმართულებაზე - დინამიკა არის პოზიტიური", _ აცხადებს მინისტრის მოადგილე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს ეხება.
"ამ დოკუმენტის მიხედვით ხდება ის, რომ რუსეთი აიღებს ვალდებულებას. მხარეებზე არ არის აქ ლაპარაკი და არაფრის აღიარება ამ დოკუმენტით არ მოხდება. მეორე კი არის ის, რომ ეს არ არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, საქართველო მოაწერს რაღაც შეთანხმებას ხელს აფხაზეთთან ან სამხრეთ ოსეთთან, როგორც ცალკე აღებულ დამოუკიდებელ ერთეულთან", _ აცხადებს კაპანაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.