აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი აფხაზეთში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ საქმიანობას აფხაზეთისთვის "განსაკუთრებული სარგებელი არ მოაქვს".
"კრიტიკულად ვარ განწყობილი აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ. ვაპირებ მათ აქ მუშაობის ფორმატის შეცვლა შევთავაზო. არ იყო საჭირო ჩვენს განათლებასა და ჩვენი კულტურული დაწესებულებების საქმიანობაში ჩარევა სკოლების რეანიმაციის საფარით. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობის დახმარება საჩვენებელი ხასიათისაა. მე პატივისცემით ვეპყრობი იმას, თუ კონკრეტულად რა იყო გაკეთებული ცალკეული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მაგრამ საერთო მასაში ამას აფხაზეთისთვის განსაკუთრებული სარგებელი არ მოაქვს", _ აცხადებს ანქვაბი.
მისი თქმით, მათთვის გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილი მათივე აპარატების შენახვაზე მიდის.
"წელიწადში 15 მილიონი დოლარი - ეს, როგორც მე მითხრეს, საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობის საერთო კალათაა. ამ თანხის ნახევარი კი, ალბათ, მათი აპარატის შენახვაზე მიდის",_ აცხადებს ანქვაბი.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ძალიან უკმაყოფილოა აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოებითაც.
"მხოლოდ ქალაქ ტყვარჩელში საერთაშორისო ორგანიზაციების ფულით გარემონტებულ 18 მრავალსართულიანი სახლის სახურავი კვლავ გადასაკეთებელია. იგივე ხდება სოხუმშიც და ყველგან. ანგარიშებში კი მითითებულია, რომ ყველაფერი გაკეთებულია", _ აცხადებს ანქვაბი და აღნიშნავს იმასაც, რომ კონკრეტული სერიოზული წინადადებების განსახილველად ორმხრივი მუშაობისთვის მზადაა.