აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის რუსულ დიზელის საწვავზე სანქციების მოხსნის შესახებ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გაგრძელებას აპირებს.
ამის შესახებ Financial Times (FT) მაღალჩინოსან უკრაინელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონის მიერ რუსულ დიზელის საწვავზე სანქციების მოხსნის პასუხად უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შორი მოქმედების დრონებით თავდასხმების შეწყვეტას არ გეგმავს.
„ჩვენ [რუსეთის] ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დავწვავთ“, - განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.
კიევში აშშ-ის კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა. მან ამ ნაბიჯს „სუსტი გადაწყვეტილება“ უწოდა და განაცხადა, რომ ის კრემლს ომის დაფინანსებაში დაეხმარება და პუტინს უფრო მეტ გამბედაობას შესძენს.
„პუტინისთვის საჩუქრების გაკეთება არც მშვიდობა მოიტანს და არც რაიმე სარგებელს ცივილიზებული სამყაროსთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია. მისი თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, ნოემბრის განმავლობაში კიდევ - 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას.