"ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში, ყველას ერთი ოცნება აქვს - დააბრუნოს აფხაზეთი თავის შემადგენლობაში", _ ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, მან წაიკითხა მომავალი რამდენიმე მინისტრის კომენტარები, რომლებშიც "არაფერი შეცვლილა".
"წავიკითხე ზოგი მომავალი მინისტრის კომენტარი. არაფერი შეცვლილა: ისევ ისინი და ისევ იგივე. განსხვავებას ვერ ვხედავ აფხაზეთში 1992 წელს შემოჭრილ აგრესორებსა და ყველა იმ ადამიანს შორის, რომლებიც მერე, სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნისას, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე კომენტარს აკეთებდა. ვინც არ უნდა იყვნენ ისინი - პოლიტოლოგები, საზოგადო მოღვაწეები ან ქართველი ჩინოვნიკები, მათ ყველას ერთი მიზანი აქვთ - დააბრუნონ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში", _ განაცხადა ანქვაბმა.
მისი თქმით, ქართველები აფხაზებსა და ოსებს თავიანთ ძმებს უწოდებენ და ამაში მათთან ერთად მხოლოდ ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას გულისხმობენ.
"თუ "ქართული ოცნება" - აფხაზეთის დაბრუნებაა, მაშინ ის ილუზორულია. ხოლო თუ "ქართული ოცნება" აფხაზეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური და თანასწორუფლებიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაა - მაშინ ეს კარგი ქართული ოცნებაა. მეტი კომენტარი მე არ მაქვს", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა.