ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი საგაზაფხულო-საზაფხულო სეზონის დადგომისთანავე რეგიონში მდგომარეობის გართულებას ელის, იმიტომ, რომ "საქართველოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნების გეგმებზე უარი ჯერ არ უთქვამს". ეს განცხადება კოკოითიმ დღეს ცხინვალში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
კოკოითი აცხადებს, რომ "რუსეთი სრულად ასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებას, ხოლო მეორე მხრიდან კი საქართველო იარაღდება და მისი სამხედრო პოტენციალი 2008 წელს არსებულ სამხედრო პოტენციელთან შედარებით ბევრად მაღალია".
"იმ შეცდომების გათვალისწინებით, რაც საქართველოს 2008 წლის აგვისტოში მოუვიდა, საქართველომ თავის ტაქტიკას გადახედა და გადააწყო. დღეისათვის საქართველოს სამხედრო ბაზებზე დასავლელი ინსტრუქტორების მეშვეობით სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე თავდასხმის გეგმა მუშავდება", _ აცხადებს კოკოითი.
მისი თქმით, ე. წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან მძიმე ტექნიკის თავმოყრა სარკოზისა და მედვედევის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების უხეში დარღვევაა.
"თუმცა, სამწუხაროდ, ევროპელი დამკვირვებლები, მათ შორის ეუთო, ყოველივე ამას უყურებენ და უმოქმედოდ არიან", _ აცხადებს კოკოითი.
ოს სეპარატისტთა ლიდერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთი ის აღარაა, რაც 2008 წლის აგვისტომდე იყო.
"რა თქმა უნდა, ისეთი მოვლენები, როგორიც აგვისტოში იყო, არ განმეორდება. აქ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ხელშეკრულებით იმყოფება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მე-4 სამხედრო ბაზა. ასევე აქ არიან რუსი მესაზღვრეები. ასე რომ, მოულოდნელი და ვერაგული თავდასხმა, ვფიქრობ, აღარ იქნება", _ განაცხადა კოკოითიმ.