საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ხელი მოეწერა მემორანდუმს "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის შესახებ".
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე ზღულაძემ და საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა.
მემორანდუმი ეფუძნება 2009 წლის 8 მაისს საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცებულ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნულ კონცეფციასა და სამოქმედო გეგმას.
აღნიშნული კონცეფცია მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა სრულფასოვან სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას, ეროვნულ უმცირესობათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და პოპულარიზებას, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობას, ეროვნულ უმცირესობათა ენის, კულტურის, ტრადიციებისა და თვითმყოფადობისთვის მნიშვნელოვანი სხვა ელემენტების დაცვა-შენარჩუნებას.