"ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენლებს ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის არ სჯერათ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა განაცხადა, ბაინდურაშვილის დღევანდელი განცხადების მიუხედავად, საქართველოში მცირე მეწარმეებს საგადასახადო სამსახურები ავიწროვებენ და მაღაზიების, ჯიხურების უკანონოდ დალუქვის, საკასო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით ხელოვნურად შექმნილი პრობლემების და დაჯარიმებების, მცირე ბიზნესის სხვა უკანონო ხერხებით მას ატერორებენ.
"მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურისგან და ფინანსთა მინისტრ ბატონ კახა ბაინდურაშვილისგან, მიიღონ ზომები იმ ტერორის აღსაკვეთად, რომელსაც ადგილი აქვს საგადასახადო სამსახურების მხრიდან ვაჭრობის სფეროში დასაქმებული მცირე მეწარმეების მიმართ. მათი ხელშეწყობის მიზნით გაამარტივონ და ნათელი გახადონ საგადასახადო ადმინისტრირება", - განაცხადა სუბარმა.
ალიანსის ინფორმაციით, ანალოგიური ტერორი მიმდინარეობს საბაჟოზედაც და უკანონობის მსხვერპლი ხშირად ხდებიან მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ იქ არსებულ კორუფციულ სქემებში მონაწილეობის გარეშე განაბაჟონ შემოტანილი საქონელი.
"რაც შეეხება მის დღევანდელ განცხადებას და სატიტულო ფურცელზე მისი ხელმოწერით დადასტურებულ ცნობას, რომ საგადასახადო კოდექსის სადავოდ გამხდარი ცვლილებები არ ეხება საცალო ვაჭრობას, მინისტრმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მისი ხელმოწერილი მსგავსი დოკუმენტი ვერანაირად იქნება კანონის დატვირთვის და არ წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტს. ხშირად საგადასახადო და საბაჟო სამსახურები ბიზნესის ტერორისთვის იყენებენ ბუნდოვან ჩანაწერებს საგადასახადო და საბაჟო კოდექსში. მინისტრს უნდა მოეხსებნებოდეს, რომ არსებული სიტუაციის გამოსწორებისთვის ამ ორაზროვანი ჩანაწერების გამარტივება და კანონში შესაბამისი ცვლილებებია საჭირო და არა ზეპირი განცხადებები ან მის მიერ გაცემული ცნობები", - განმარტა მან.