საქართველოს პრეზიდენტი თბილისობის დღესასწაულზე აბანოთუბანს ესტუმრა და რეაბილიტირებული ლეღვთახევი დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი თბილისობის სტუმრებს შეხვდა და დღესასწაული პირადად მიულოცა.
„ჩვენ ძალიან ვჩქარობდით ამის გაკეთებას და სულ მქონდა განცდა იმისა, რომ არჩევნებამდე ჩვენს მთავრობას უნდა მოესწრო ყველაფერ იმის გაკეთება, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. სამუშაოები 24 საათიანი გრაფიკით მიმდინარეობდა. ახლა, სანამ მოხდება მთავრობის გადაბარება, ყველა ჩვენი ადგილობრივი გამგეობა, ყველა ჩვენი გუბერნატორი დღე და ღამ მუშაობს იმაზე, რომ დაწყებული პროექტები ბოლომდე იქნეს მიყვანილი.ერთი დღით არ გაჩერებულა მუშაობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე. მინდა რომ ეს აღმშენებლობა გაგრძელდეს. ეს ხეობა არის ნამდვილი თბილისური სასწაული. თბილისის მერია აგრძელებს მუშაობას, მაგრამ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ვუსურვებ ერთი წუთით არ დააგდოს აღმშენებლობის ტემპი და ბევრად მეტი გააკეთოს. ეს არის ჩვენი საერთო ეროვნული საქმე." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა
პროექტ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" ფარგლებში მოეწყო დასასვენებელი ადგილები, ტურისტული ბილიკები და მდინარეზე აიგო მცირე ზომის ხიდები, გამწვანდა მიმდებარე ტერიტორია და რესტავრაცია ჩაუტარდა ხევზე გადმოკიდებულ სახლებს.