გარდაბნის რაიონის მოსახლეობა აზერბაიჯანულ სოფლებში ჩატარებულ არჩევნებზე ჰყვებიან. მათი მონათხრობი პოლიტიკური კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" გარდაბნის რაიონის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატის მამუკა არეშიძის შტაბის პრესამსახურმა გაავრცელა. პრესამსახურის ინფორმაციით, დღეს, 7 ოქტომბერს პოლიტიკური კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" გარდაბნის რაიონის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატის მამუკა არეშიძის საარჩევნო შტაბს თხოვნით მიმართეს გარდაბნის რაიონის სოფლების ბირლიკის, ქესალოსა და ნაზარლოს მოსახლეებმა რაშიდ გასანოვმა, გასან გასუმოვმა (მოლა), გუსეინ კასუმოვმა (მოლა), ჯუანშერ კასუმოვმა და რამილ აგამალოვმა. მოქალაქეებმა მოითხოვეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულიყო მათ მონათხრობი, სადაც ისინი დეტალურად აღწერდნენ, თუ რა ვითარება იყო წინასაარჩევნოდ გარდაბნის რაიონის აზერბაიჯანულ სოფლებში და როგორ ჩატარდა იქ არჩევნები.
"აზერბაიჯანულ სოფლებში საშინელი ვითარებაა. ახალგაზრდების უმეტესობას სხვადასხვა აბსურდული მიზეზით პირობით სასჯელი აქვთ მისჯილი და ამით მათ ძალიან აშინებდნენ, პირდაპირ აწერინებდნენ განცხადებებზე ხელს, რომ თუ ისინი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და მის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ მისცემდნენ ხმას მათ მეორე დღესვე დააპატიმრებდნენ. მასობრივი ხასიათი ჰქონდა აღსაკალებზე ზეწოლას, რათა მათ „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ჩაეტარებინათ აგიტაცია, რაც ძალიან ცუდი ტენდენციაა. ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენს აღსაკალებს და შესაძლოა ასეთმა უპატივცემულო ქმედებამ ამ ადამიანების მიმართ დიდი დაპირისპირება გამოიწვიოს. ადგილი ჰქონდა მოსახლეობის მოსყიდვასაც. მოკლედ თუკი რამე კანონდარღვევა არსებობდა წინასაარჩევნოთ გარდაბნის რაიონის უშიშროების უფროსის მოადგილემ სამირ ხაილოვმა, გარდაბნის გამგებლის მოადგილემ მანუჩარ ჯოხაძემ და ადმინისტრაციული უწყებების წარმომადგენლებმა ყველაფერი განახორციელეს. გარდაბნის რაიონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი (თემურ) ფეიქრიშვილისათვის გამარჯვების მიღწევა ნებისმიერი ხერხით ჩაბარებული ჰქონდა უშუალოდ კუდ-ის უფროსის მოადგილეს ვაჟა ლილუაშვილს - აცხადებს გასან გასუმოვი.
რამილ აგამალოვს, რომელსაც უახლოეს დღეებში სასამართლო აქვს რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დახმარებას დაჰპირდნენ იმ შემთხვევაში, თუ იგი „ნაციონალური მოძრაობის" და მისი კანდიდატის სასარგებლოდ 250 ხმას მოიტანდა. „იძულებული გავხდი დახმარება მეზობლებისთვის და ნათესავებისთვის მეთხოვა, რადგან თავისუფლების აღკვეთით დამემუქრნენ", - ამბობს რამილ აგამალოვი.
"წინასაარჩევნოდ ვითარება აზერბაიჯანულ სოფლებში ჩვენმა მოლამ მოგითხროთ. მე დამკვირვებელი გახლდით არჩევნებზე და მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ საარჩევნო პროცესი უხეში დარღვევებით მიმდინარეობდა. პირადად შევესწარი, თუ როგორ გაბზარა საარჩევნო ურნა უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ზოგიერთ უბანზე იმ მიზეზით, რომ აზერბაიჯანლებმა ქართული წერა-კითხვა არ იციან მათ კაბინაში მეორე ადამიანი მიჰყვებოდათ და მათთვის სასურველ საარჩევნო სუბიექტს ახაზინებდა. საარჩევნო უბნებზე ღიად მიმდინარეობდა აგიტაცია შძახილებით „ბეშ, ბეშ" (ხუთიანი, ხუთიანი), ხშირი იყო წინასწარ შემოხაზული ბიულეტინების მოსახლეობისთვის დარიგება. ღიად ვაცხადებთ, რომ ჩვენ არაფრის გვეშინია და მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს გარდაბანში, რადგან ახალი ხელისუფლების პირობებში აზერბაიჯანლებს აღარაფრის შეეშინდებათ და თავის არჩევანს დააფიქსირებენ", - დასძინა რაშიდ გასანოვმა.