წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობა 1 500 ლარით დაჯარიმდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, ისჯება წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლაც.
კონკრეტულად, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, პირს, რომელიც წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო- და სხვა მასალის გავრცელებას ხელს შეუშლის, ასევე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილ სხვა საშუალებათა ჩამორთმევას მოახდენს,
ჯარიმის სახით 1000 ლარის გადახდა დაეკისრება.
გარდა ამისა, ისჯება საარჩევნო კამპანიის ჩატარება ამ საქმიანობისათვის აკრძალულ დაწესებულებებში, რისთვისაც საარჩევნო კოდექსით ასევე 1 000-ლარიანი ჯარიმის დაწესებაა გათვალისწინებული.
ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევთ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესების დამრღვევ პირებსაც.
კონკრეტულად, კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
ამავე რაოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული იმ ელექტრონული მედიასაშუალებისთვისაც, რომელშიც პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევით განთავსება მოხდება. ხოლო ბეჭდვითი მედიის საშუალებისას ანალოგიურ შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობის ჯარიმაა დაწესებული.