რუსეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს შორის ახლახან გაფორმებული ხელშეკრულება ე. წ. სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებA ძალაში 2010 წლის მარტში შევა. განცხადება ამის შესახებ დღეს ე. წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა გააკეთა.
მან განმარტა, რომ შეთანხმება დაიწყებს მოქმედებას ხელმოწერიდან 30 დღის გასვლის შემდეგ.
ჯიოევის განცხადებით, დოკუმენტი ითვალისწინებს იმას, რომ "ორივე სახელმწიფოს მოქალაქეები, განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილისა, შეძლებენ თავისუფლად ყოფნას 90 დღის განმავლობაში. 30 დღის განმავლობაში მხარეები გაცვლიან იმ მოქალაქეების ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშებს, რომლებიც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე აპირებენ ყოფნას სახელმწიფო საზღვრის გავლით".
ჯიოევმა განმარტა, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთათვის ამგვარი დოკუმენტებია: ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი და 16 წლამდე ასაკის ბავშვების დაბადების მოწმობა.
"აღნიშნული შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, რომ მომვალში გვექნება სამხრეთ ოსეთის მოქალაქის საზღვარგარეთის პასპორტი, სამხრეთ ოსეთის მოქალაქის დიპლომატიური პასპორტი და სამხრეთ ოსეთის მოქალაქის სამსახურებრივი პასპორტი", _ განაცხადა ჯიოევმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას რუსეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ხელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს მოაწერეს.