ევროსაბჭო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის სახელმწიფო სტრატეგიას იწონებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,
ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა მოადგილეების 1076-ე სხდომაზე, რომელზეც აღნიშნული სტრატეგია განიხილეს, დოკუმენტს გამომსვლელთა აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმა.
"ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა დელეგაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს იმ სამოქმედო გეგმის მნიშვნელობა, რომელიც შეავსებს სახელმწიფო სტრატეგიას. მათ ასევე მოიწონეს საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა, რათა აღნიშნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩაერთოს ყველა მთავარი საერთაშორისო აქტორი, მათ შორის ევროპის საბჭო", - ნათქვამია ვაშაძის უწყების განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის დადებითად შეფასების გარდა, ევროსაბჭო მზადაა საქართველოს სამოქმედო გეგმის შედგენასა და იმპლემენტაციაში დაეხმაროს.
"მოსალოდნელია, რომ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო მოკლე ხანში განსაზღვრავს ევროპის საბჭოს მონაწილეობის მოდალობებსა და ფორმატს", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში ქართული მხარე ბრიუსელში, ვენასა და ნიუ-იორკში განლაგებულ საერთაშორისო ინსტიტუტებში გეგმავს ვიზიტს, რათა საერთაშორისო საზოგადოებას გააცნოს "საქართველოს მთავრობის დეტალური ხედვა საქართველოს იმ მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში".
ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა მოადგილეების 1076-ე სხდომა გუშინ 3 თებერვალს გაიმართა. სხდომის მონაწილეებს "საქართველოს მთავრობის სახელმწიფო სტრატეგია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში: ჩართულობა თანამშრომლობის გზით" რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა წარუდგინა.
იაკობაშვილის მოხსენების შემდგომ გაიმართა დისკუსია.