საპარლამენტო უმრავლესობა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების არსებობას უარყოფს. აღსანიშნავია, რომ დღეს დილით ვენეციის კომისიის დელეგაციის თავმჯდომარემ ჟანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიას აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები პარლამენტისათვის უკვე გამოგზავნილი აქვს და ამასთან ისიც აღნიშნა რომ პარლამენტისგან აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებისა პირობა არსებობს.
უმრავლესობაში ამ რეკომენდაციების არსებობას საერთოდ უარყოფენ. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა საერთოდ არ ისურვა მიუხედავად იმისა, რომ იგი პარლამენტის იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობს.
როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აკაკი მინაშვილი ფლობს. მინაშვილმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა საერთოდ არ არსებობს და კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, თუკი მას ვინმე ამ დოკუმენტს აჩვენებს.