"კონსერვატიული პარტია" ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს.
როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, "იმედი" იგივე პოლიტიკას ახორციელებს, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
"ბოლო თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად ხდება ცოტნე გამსახურდიასგან ჯაშუშის და მკვლელის იმიჯის შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არცერთი ბრალდება დადასტურებული არ არის, ვერ შედგა ვერც ერთი სასამართლო პროცესი ამ საკითხთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა მეთოდს, როდესაც ე.წ. სიცრუის დეტექტორის საფუძველზე ოჯახის წევრების სახელით ხდება ბრალდებების წაყენება, ოღონდ არა ოფიციალურად, არამედ ტელეშოუების საშუალებით. ცოტნე გამსახურდიაზე ამ გადაცემაში ითქვა ყველაფერი, რაც მიუხედავად ორწლიანი გამოძიებისა ვერ დაადასტურა პროკურატურამ, რომ ის მოქმედებდა რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით, რომ ის არის წამალდამოკიდებული და სხვა ბევრი უმსგავსობა", - ნათქვამია "კონსერვატორების" განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ "სამწუხარო ფაქტია, როცა ტელეკომპანია, "იმედი", რომელიც ცოტა ხნის წინ ქართველი ხალხის საყვარელი არხი იყო, დღეს სიცრუის დეტექტორის, შორენას ღამის და სხვა ამორალური და არაეთიკური გადაცემების ტელევიზია გახდა".
"ჩვენ პროტესტს გამოვთქვამთ ტელეკომპანია იმედის ამ ამორალური და არაეთიკური გადაცემის გამო, რომელიც გავიდა ეთერში და ქართველ ხალხთან ერთად თანადგომას ვუცხადებთ გამსახურდიების ოჯახს", - აღნიშნულია განცხადებაში.