მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ახალი ინიციატივით გამოდის. 4 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ უნდა მოხდეს სახელმწიფოს შიდა ვალის გასტუმრება და მისი გუნდი ამ პროცესს ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წელს დაიწყებს.
_ ~სააკაშვილის ადგილზე, მე ამას ახლავე გავაკეთებდი. ჰკითხოს ერთი ქუთაისელებს და ბათუმელებს, ქუთაისში პარლამენტის გადატანას და ბათუმში ოპერის შენობის მშენებლობას, ვალების დაბრუნება არ ურჩევნიათ?~, _ აღნიშნავს მოძრაობის ლიდერი.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო შიდა ვალის დაგროვება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო და საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს. ზურაბ ნოღაიდელის თქმით, იგი მოიცავს მოსახლეობის ანაბრებს (5-დან 20 მილიარდ დოლარამდე), აგრეთვე სახელფასო დავალიანებებს და დაუმთავრებელ კოოპერატიულ ბინათმშენებლობებს.
_ ~მე ფინანსურ დაპირებებს ძნელად ვიძლევი და თუ ვიტყვი, გავაკეთებ კიდეც~, _ თავისი ინიციატივის განხორციელებას ჰპირდება ოპოზიციური მოძრაობის ხელმძღვანელი საქართველოს მოსახლეობას.
მისი განცხადებით, უნდა შემუშავდეს პროგრამა, რომლის მიხედვითაც მოხდება სახელმწიფო შიდა ვალის დაფარვა. ზურაბ ნოღაიდელს მიაჩნია, რომ პირველ წელს მოხდება ვალის ინვენტარიზაცია და ინდექსაცია, აგრეთვე დადგინდება ანაზღაურების ფორმები და მოვალეთა რიგითობა.
_ ~ვალის დაფარვის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ორი ძირითადი კრიტერიუმი: ასაკი და შემოსავლები. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ხანდაზმული და დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების შიდა ვალის დაფარვა~, _ განმარტავს მოძრაობის ლიდერი.