ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია იმედოვნებს, რომ მედვედევის ადმინისტრაციიდან საქართველოს პარლამენტში ზარები მხოლოდ "ურთიერთობის აღდგენის სურვილით ხორციელდება".
ამის შესახებ ბაღათურიამ განცხადება დღეს, პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნულ კონტექსტში ხელისუფლებას შესაბამის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.
"2 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში, ჩემს სამუშაო ოთახში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ზარი განხორციელდა. როგორც ჩემმა თანაშემწემ მითხრა, საუბარი ჩემთან სურდათ, თუმცა რადგან ოფისიდან გასული ვიყავი, ბუნებრივია, ჩვენი საუბარი არ შემდგარა. არც ჩემს მობილურ ტელეფონზე დაურეკავს ვინმეს", - კიდევ ერთხელ განმარტავს ბაღათურია და აქვე მიიჩნევს, რომ "ეს ზარი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობების შეცვლა სურს".
მისივე განმარტებით, რუსეთის მხრიდან ეს არის პოზიტიური სიგნალი, რის კონტექსტშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თავადაც იზრუნოს მოსკოვთან ურთიერთობების რეალური შეცვლისაკენ.
აღსანიშნავია, რომ 2 თებერვალს, "გაურკვეველი ზარები" უმრავლესობის და უმცირეოსბის სამუშაო ოთახებშიც დაფიქსირდა. მათ შორის გიორგი თარგამაძესთან, თუმცა როგორც ის აცხადებს, "მას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე დასწრება შესთავაზეს".