პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ პარტიის მოლოდინია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში იმარჯვებენ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები.
" ეს არის უდავო და მე ვფიქრობ, რომ ეს მოგვცემს საშუალებას მომავალ პარლამენტში ძალიან სერიოზული ძალა იყოს კვლავ "ნაციონალური მოძრაობა", _ აცხადებს წერეთელი.
მისივე თქმით, არჩევნები ჩატარდა და ეს იყო პროცესი ძალიან თავისუფალი, ღია.
"ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს თავისუფალი არჩევანი და მიუხედავად იმისა რომ ვიღაც მეტს ელოდა ვიღაც ნაკლებს ელოდა, საბოლოო შედეგებს ბუნებრივია გამოაცხადებენ. მე ვფიქრობ, რომ ყველამ ეს უნდა გაითვალისწინოს და უნდა დავეთანხმოთ, ამავე დროს საინტერესო იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრება. პროცესი თავის თავისთავად ამ დღის განმავლობაში ძალიან პოზიტიურად წარიმართა თუ რაიმე ახლა ხელოვნურად არ აირევა დათვლის დროს და ჩვენი სურვილია, რომ ყველა პარტიამ ეს გაითვალისწინოს", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში წერეთელი და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება წინასწარ ეგზიტპოლებს ყველას კარგად ესმის, რომ ეს არის წინასწარი მონაცემები, ეს კიდევ შეიცვლება.
" თუმცა გარკვეული ტენდენციები ალბათ აქ გამოიკვეთა და როგორც ჩანს, პროპორციულ არჩევნებში "ქართულ ოცნებას" შესაძლებელია ჰქონდეს უპირატესობა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ჩვენ ძალიან ძლიერი კანდიდატები გვყავდა და ჩვენი ინფორმაციით, თუ იქნება სხვა ეგზიტპოლები, მე რომელიმე პარტიის ეგზიტპოლებზე არ მაქვს საუბარი, ობიექტური ეგზიტპოლები თუ იქნება, რომლებსაც ჩვენც ვიზიარებთ, მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში ჩვენი მაჟორიტარები გაიმარჯვებენ -ეს არის ჩვენი მოლოდინი და ჯერ-ჯერობით რა თქმა უნდა, საბოლოო მონაცემები არ გვაქვს თუმცა დაველოდოთ საარჩევნო კომისიის, საერთაშორისო ორგანიზაციების შედეგებს", - აცხადებს წერეთელი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარების გამარჯვება უდავოა.
"წინასწარი მონაცემები, გარკვეულწილად ტენდენციებს მიანიშნებს, მაგრამ ტენდენცია იმისა, რომ მაჟორიტარულ ოლქებში იმარჯვებენ ჩვენი კანდიდატები, ეს არის უდავო და მე ვფიქრობ, რომ ეს მოგვცემს საშუალებას მომავალ პარლამენტში ძალიან სერიოზული ძალა იყოს კვლავ "ნაციონალური მოძრაობა". თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი მთავარი ამოცანა იქნება ამ ახალ პარლამენტში გვქონდეს მეტი თანამშრომლობა, მეტი ურთიერთგაგება იმისათვის, რომ ქვეყანა წავიყვანოთ წინ", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გიგი წერეთელი.