საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს გერმანიაში მიემგზავრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, საქართველოს დელეგაცია, გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით მიუნხენის უსაფრთხოების 46-ე კონფერენციას დაესწრება, რომელიც ხვალ, 5 თებერვალს გაიხსნება.
კონფერენცია ორ დღიანი იქნება და მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმზე ევროატლანტიკური ურთიერთობები და ევროპული და გლობალური უსაფრთხოების აქტუალური საკითხები განიხილება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტები.
წლევანდელ კონფერენციაზე განხილული იქნება რესურსების უსაფრთხოებისა და გლობალური ძალების გადანაწილების, ევროპული და გლობალური უსაფრთხოების, შეიარაღებაზე კონტროლისა და ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების, ახლო აღმოსავლეთის რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ყურადღება გამახვილდება ნატოს სტრატეგიაზე ავღანეთთან მიმართებაში.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გერმანიიდან სამუშაო ვიზიტით იტალიასა და პოსტუგალიაში გაემგზავრება.