მანანა ბერიკაშვილმა შთააგონა გარდაცვლილი ბავშვის დედას, რომ ბავშვის გარდაცვალებისთვის პოლიტიკური სარჩული დაედო, - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, გურჯაანში მომხდარი ფაქტის შეფასებისას გააკეთა.
"პოლიცია გაარკვევს ყველაფერს, მაგრამ მანამდე მინდა გითხრათ, რომ ეს არის არანორმალური სიბინძურე და შეურაცხმყოფელი, როდესაც კონკრეტული ძალა და კონკრეტული ადამიანები ამ ტრაგიკულ შემთხვევას იყენებენ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის. არაფერი საერთო არ აქვს ამას ადამიანობასთან. ჩვენ ვართ აღშფოთებულები და ვეკითხები მანანა ბერიკაშვილს და მის ტელევიზიას, რომელ ავადმყოფურ გონებაში შეიძლება მოეძებნათ ამ ყველაფრისთვის პოლიტიკური სარჩული", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
მისი თქმით, ამ ყველაფერზე საზოგადოებამ სათანადო პასუხი უნდა გასცეს. თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები გურჯაანში მომხდარი ფაქტის ამგვარი შეფასებით ადამიანების ბედით თამაშობენ და წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის იყენებენ.
გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ქვევრში ნაპოვნი ჩვილი ბარბარე რაფაიანცი გარდაცვლილია. არსებული ცნობით, 9 თვის ბარბარე რაფაიანცი მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ. დაახლოებით ერთსაათიანი ძებნის შემდეგ გოგონა ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები