ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა ბათუმში 14 სართულიანი სახლის ორი სართულის ჩამონგრევის გამო.
ძლიერი ქარიშხლის შედეგად, ჭავჭავაძისა და ჯაფარიძის ქუჩების კვეთაზე მშენებარე 14 სართულიანი სახლის ორი სართული ჩამოინგრა, რომელმაც იქვე მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
ორსართულიან სახლი სადაც 15-მდე ოჯახი ცხოვრობს მნიშვნელოვნად დაზიანდა. მოსახლეობამ სახლებიდან გამოსვლა დროულად მოახერხა ოთხი ადამიანი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
ექიმების განმარტებით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
დაშავებულები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ მოინახულა, რომელმაც შემთხვევის ადგილიც დაათვალიერა და მოსახლეობას ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა.
ვარშალომიძის განცხადებით, შემთხვევის გამომწვევი მიზეზები დადგინდება და ყველა დამნაშავე პირი დაისჯება.