სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს კნუტ ვოლებეკს შეხვდა. შეხვედრისას სერგეი შამბამ ვოლებეკი გააკრიტიკა და მას არაობიექტურობაში დასდო ბრალი.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, შამბამ ვოლებეკს ინფორმაცია აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ მიაწოდა და აუწყა, რომ "24 ქვეყნიდან ჩამოსულმა დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები კარგად ჩატარდა". ამას გარდა, შამბამ აუწყა ვოლებეკს, რომ გალის რაიონის მცხოვრებლებიდან, ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვისაც აფხაზური პასპორტი ჰქონდა.
ამას გარდა, ვოლებეკთან შეხვედრაზე სეპარატისტთა საგარეო საქმეთა მინისტრმა მას პრეტენზია გამოუთქვა და განუცხადა, რომ აფხაზეთში მისი წინანდელი ვიზიტის შედეგად შედგენილი ანგარიში სინამდვილეს არ შეესაბამება.
"ანგარიშში წერთ, რომ გალის რაიონის მოსახლეობას აიძულებენ, მიიღონ აფხაზეთის მოქალაქეობა. მაშინაც განგიცხადეთ და ახლაც მინდა განგიმარტოთ, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. აფხაზური პასპორტების გაცემის პროცესი მთელ აფხაზეთში ერთდროულად დავიწყეთ გალის რაიონის გარდა. ხოლო ამ პროცესის დასრულების შემდეგ გალელებს მივეცით საშუალება აფხაზური პასპორტები აეღოთ. მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზური პასპორტის აღება ნებაყოფლობითია", _ განაცხადა შამბამ.