პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "სიბრიყვეს" უწოდებს ყველა იმ პოლიტიკოსის პოზიციას, რომელიც სკოლებში სამხედრო და პატრიოტული სწავლების დანერგვას მილიტარიზმად და პროვოკაციად აფასებს.
"ეს დიდი სიბრიყვეა და ზუსტად ასე გვმართავდა რუსეთი. სხვათა შორის, ის სამხედრო სწავლება, რაც საბჭოთა დროს იყო, მართლა არ იყო კარგი. თუმცა, დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვართ, როცა ჩვენი ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია, გვყავს მტერი, რომელსაც საქართველოს სახლმწიფოებრიობის დაშლა სურს, საქართველომ საკუთარი თავი უნდა დაიცვას - ეს არის საპატიო მოვალეობა და ერთადერთი შანსი თავის გადარჩენის", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მისი განმარტებით, სიბრიყვეა იმ ხალხის პოზიცია, რომლებსაც მიაჩნია, რომ სამხედრო-პატრიოტული აღზრა ეს არის მილიტარიზმი, სამოქალაქო თავდაცვის სწავლა და საქართველოში ჯარის ყოფნა კი პროვოკაცია.
"ჩვენ ისეთ ხალხთან გვაქვს საქმე, რომ დაწოლა და განიარაღება ვერ გვიშველის. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მტერს შეეცოდები. დათვს, ბაბაია რომ დაუძახო, სულაც არ ნიშნავს, რომ მოეწონები და თუ მოეწონები, კიდევ უფრო კარგად შეგჭამს. ყველაზე კარგი მეთოდი დათვთან არის ჯოხი აიღო ხელში, ან იარაღი გამოიყენო, რა თქმა უნდა, თუ გაქვს ან თოფი კიდევ უფრო კარგია, მსხვილკალიბრიანი", - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.