"ასეთი ტიპის და ასეთი მკაფიო განცხადება - რომ იქ იყო საუბარი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებასა და მის დამხობაზე - მე ძალიან იშვიათად მომისმენია", - აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული კადრების კომენტირებისას.
მისი თქმით, პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ეს მასალა არის არა თვითონ პროკურატურის მოპოვებული, არამედ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოპოვებული.
"საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია ინტერპოლთან ერთად აწარმოებდა კრიმინალურ დაჯგუფებებთან ბრძოლას და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ მოპოვებულ გარკვეულ კადრებში შეძლეს დაფიქსირება შეხვედრისა ქართული ოპოზიციის წარმომადგენელსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის, რომელიც შედგა საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში.
საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია იმ მასალაზე დაყრდნობით, რომელიც მის ხელთაა, სპეციალურ წერილში აკეთებს დასკვნას, რომ ოპოზიციის წარმომადგენელმა ხაინდრავამ მოსთხოვა ქურდებს დახმარება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში. მან მათი გავლენის, ფინანსური და შესაძლოა კიდევ შეიარაღებული დახმარების სანაცვლოდ ქურდებს საქართველოში დაბრუნება, გავლენის აღდგენა და მხედრიონის ტიპის ორგანიზაციების შექმნა აღუთქვა.
ერთი რაშიც გამოიხატება ეს დახმარება - ეს არის ზეწოლა ქართულ დიასპორაზე, პირველ რიგში და მეორე რიგში კი ადამიანური რესურსისა და შეიარაღების მობილიზება იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია დამარცხდება არჩევნებში", _ აცხადებს ნუგზარ წიკლაური და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ - ეს არის საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის დასკვნები და როგორც ისინი აცხადებენ, ეს დასკვნები დაფუძნებული არის სხვადასხვა მოსმენაზე.
საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია კი, წიკლაურის თქმით, ნამდვილად არაა ის ორგანიზაცია, რომელიც ყასიდად გააკეთებს რაიმე სახის დასკვნას.
"გოგა ხაინდრავა გამოძახებულია პროკურატურაში, ის მივა დაკითხვაზე და გასცემს ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რომელიც დააინტერესებს გამოძიებას. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და უდიდესი საფრთხის შემცველი კონტაქტები კრიმინალური დაჯგუფებების წარმომადგენლებთან -ლორთქიფანიძესთან და იმ პირებთან რომლებიც იქ არიან. ამიტომ პროკურატურა უნდა იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და მაქსიმალურად მკაცრი ამ დანაშაულის აღკვეთისას.
ფაქტი არის, რომ ადამიანთა ჯგუფები კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად ცდილობენ კრიმინალური ანარქიისა და ქაოსის დამკვიდრებას ქვეყანაში და ამ შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობა - ეს არის სიტყვები იმ მოწერილიდან, რომელიც საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიამ მოიწერა, რომ ეს არის შეთქმულება არსებული დემოკრატიული ხელისუფლების დამხობის მიზნით", _ აცხადებს წიკლაური და დასძენს, რომ ამ პირობებში საზოგადოებისა და მთელი პოლიტიკური კლასის მობილიზება უნდა მოხდეს.
"ამ პირობებში უნდა მოხდეს სრული მობილიზაცია, როგორც მთელი პოლიტიკური კლასის, ასევე მთელი საზოგადოების და პროკურატურამ უნდა განახორციელოს საზოგადოების მოთხოვნა, რომელიც ეფუძნება იმას, რომ არასოდეს ჩვენს ქვეყანაში არ უნდა დავუშვათ კრიმინალური ანარქია და ამის ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი უნდა იყოს.
შეიძლება ცალკეულმა ადამიანებმა თქვან, რომ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია არის პოლიტიკურად მოტივირებული და მისი კვლევები არ არის არადამაჯერებელი - მე გარწმუნებთ, რომ ეს არის სერიოზული ორგანიზაცია, რომ არ გააკეთოს ის დასკვნები, რომლის შესტყვისი მტკიცებულებებიც მათ არ გააჩნიათ. ასეთი ტიპის და ასეთი მკაფიო განცხადება - რომ იქ იყო საუბარი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაზე და მის დამხობაზე - მე ძალიან იშვიათად მომისმენია", - აცხადებს წიკლაური "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.