ეთნო-ჯაზ ჯგუფის ზუმბალენდის დამფუძნებელმა ზაზა კორინთელი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე facebook-ის გვერდზე წერს:
"მინდა მივაღწიოთ საკუთარ, თანამედროვე ხარისხს დასავლური გამოცდილებით, ჩვენი ეროვნული კულტურულური ფასეულობების შენარჩუნება-განვითარებით და ძველი შეცდომების არგანმეორებით. მეშინია საბჭოთა "ხალტურული" აზროვნების, უგუნურების, უპოზიციობის, არაპროფესიონალიზმის, უპასუხისმგემბლობის, სიბრიყვის, უპატივიცემულობის, უკულტურობის, "ყველაფერი ვიცი"-ს, ქედმაღლობისა და მედედური ამბიციების. მინდა ჩემს ქვეყანაში ცვლილებები ხდებოდეს არჩევნების გზით.ვერ ვეგუები "ნიჰილიზმს: - ურწმუნოებას, სულერთიაობის, ფეხებზემკიდიაობის და მაინცარგამოვას პრინციპს!" მინდა ვიცხოვრო ჩემი საყვარელი საქმით, მაქსიმალურად დავიხარჯო და შედეგები ჩემივე სიცოცხლეში ვნახო. მინდა ჩემი ქვეყნის კულტურული ევოლუცია, სახელმწიფოებრივი სიმტკიცე და ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკური განვითარება და სოციალურ-მოქალაქეობრივი წინსვლა. მინდა წარსულის პატივისცემა და არა მოთქმა-გოდება მასზე. მინდა აწმყოში ქმედება და მომავლისკენ ხედვა. მინდა ქმნა და არა ფუჭად ყოფნა. არ მინდა უაზრო, უმიზნო ლაქ-ლაქით თავის მართლება და ტყუილად დროის ხარჯვა. მინდა ვაპატიოთ ერთმანეთს შეცდომები, მინდა წარმატებული მომავალი!" - ესე იყო და ეს არის არის ჩემი განწყობა და მდგომარეობა დღესაც!
რაც შეეხება დღევანდელ დღეს: ძალიან შეურაცხყოფილი და დათრგუნული ვარ არსებული რეალობით, ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ყველა მხრიდან, ვუერთდები ქართული სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს, ვიზიარებ დაზარალებულების და მათი ოჯახების მდგომარეობას და იმედი მაქვს, რომ ყველა დამნაშავე მაქსიმალურად დაისჯება კანონის შესაბამისად! ერთი რამ არის ფაქტი, ძალადობა ყოველთვის შობს ძალადობას და ამაში არანაირი გამოსავალი არაა. ამ მდგომარეობით შეიძლება ისარგებლოს ყველა იმ ძალამ, ვინც შეგნებულად ებრძვის ქართული სახელმწიფოს განვითარებას. მიხარია, რომ დღევანდელი ქართული საზოგადოება დადგება შესაბამის სახელმწიფოებრივ სიმაღლეზე და აღარ დაუშვებს თავის ქმედებით თუ უმოქმედობით ხელი შეუწყოს ქვეყნის წარსულში დაბრუნებას. არჩევნები ერთადერთი პროფესიონალური გზაა ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში, სადაც საქართველოს მოსახლეობას ექნება საშუალება განახორციელოს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევანი და ხმა მისცეს თავისუფალ, უკეთეს მომავალს! ყველამ ერთად მივიღოთ არჩევანი!"