საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხინვალის მარიონეტული რეჟიმისგან 31 იანვარს დაკავებული მალხაზ ახვლედიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
"მიუხედავად ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებისა, რომელიც გულისხმობს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, თუ ისინი შემთხვევით გადაკვეთენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს, ოსური მხარე რამდენიმე დღეა უარს ამბობს მალხაზ ახვლედიანის გათავისუფლებაზე, რაც აქამდე მიღწეული შეთანხმებების ღია დარღვევაა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ მოითხოვს მალხაზ ახვლედიანის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას", - ნათქვამია მერაბიშვილის უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, სოფელ ნიქოზთან ჭიათურაში მცხოვრები მალხაზ ახვლედიანი დააკავეს, რომელსაც ოსური მარიონეტული რეჟიმი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაში სდებს ბრალს.