სეპარატისტული აფხაზეთის აგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ ქართულ მხარეს ჯერ კიდევ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდის მიმდინარეობისას ჰქონდა მცდელობა მათ "მიერ შემუშავებული ე.წ. სტრატეგია აფხაზური დელეგაციისათვის გადაეცა და გაეცნო".
"ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სტრატეგიის გაცნობის მცდელობა აფხაზური დელეგაციისათვის ქართულ დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდის მიმდინარეობისას ჰქონდა, თუმცა, აფხაზური დელეგაციის წევრებმა გააფრთხილეს ქართული დელეგაციის წევრები და მათ განუცხადეს, რომ თუ ისინი ამ სტრატეგიას კიდევ ერთხელ შესთავაზებენ დისკუსიების დროს, აფხაზური დელეგაციის წევრები უბრალოდ ადგებიან და დისკუსიას დატოვებენ, ხოლო მათი დოკუმენტი მაგიდაზე დარჩება",_ აცხადებს სერგეი შამბა და დასძენს, "ჩვენ არ ვართ ოკუპირებული ტერიტორია და ამ თემის განხილვას საერთოდ არ ვაპირებთ.
"ჩვენ ამ დოკუმენტს აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების გეგმად განვიხილავთ. ეს არის ჩვენთვის ინსტრუქცია იმისა, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ",_ განაცხადა შამბამ სოხუმში.