პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ შექმნილ მდგომარეობაში გარდა შეფასებებისა მნიშვნელოვანი იყო ისიც თუ როგორ უსწრაფესად იმოქმედა სახელმწიფომ ამ ძალადობის ფაქტებზე. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისთვის" მიცემილ კომენტარში წიკლაური აცხადებს, რომ ამ ფაქტების ყველა შეფასება ერთნაირი და შეუძლებელია იგი სხვაგვარი იყოს.
"ამ შემთხვევაში ყველა შეფასება არის ერთნაირი, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ვინმემ რაიმე განსხვავებული მოსაზრება გამოთქვას იმასთან დაკავშირებით, რომ დატყვევებულ ადამიანებს უნდა ექცეოდნენ კანონის შესაბამისად, ხოლო იქ რაც ხდებოდა, ეს იყო არა კანონის შესაბამისად არამედ სრულიად შეუწყნარებელი მოპყრობა და ძალადობის ფაქტები. ჩემი შეფასება არის ზუსტად ისეთი, როგორიც აბსოლუტური უმრავლესობის", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში წიკლაური და აღნიშნავს, რომ ასევე მნიშვნელოვანი იყო თუ როგორი იქნებოდა სახელმწიფოს რეაქცია ყოველივე ამაზე.
"მიმაჩნია, რომ როგორც იმოქმედა ყოველივე ამის შემდეგ სახელმწიფომ ეს იყო თანამედროვე სახელმწიფოს მოქმედებები, ვგულისხმობ იმ პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამაში, ასევე დადგა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და ახლა უკვე სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობაზე სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშია დანიშნული. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანის დანიშვნა ახლა ამ სტრურქტურაში, რომელიც ჩვენი დეპუტატების, შეურიგებელი ოპონენტი იყო და ძალიან ხშირად გამოთქვამდა კრიტიკულ შენიშვნებს არის ძალიან მნიშვნელოვანი რათა აღდგეს ნდობა ამ სტრუქტურასა და მოსახლეობას შორის", _ აცხადებს წიკლაური.