მიტინგებით შეშფოთებული დიმიტრი მევედევი კალინინგრადში თავის სრულუფლებიან დესპანს გზავნის. ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება.
გამოცემაში იუწყება, რომ დიმიტრი მედვედევი იმდენად შეაშინა ოპოზიციის დასავლეთ რუსეთში გააქტიურებამ, რომ თავისი ნდობით აღჭურვილი პირი, ილია კლებანოვი სასწრაფოდ კალინინგრადში გაგზავნა.
"გარდიანის" სპეციალური კორესპონდენტის ლუკ ჰარდინგის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მსგავსი სიდიდის მიტინგი რუსეთში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ყოფილა - ქუჩაში 10.000 დან 12.000-დე დემონსტრანტი გამოვიდა.
დიმიტრი მედვედევს იმედი აქვს, რომ ილია კლებანოვი სრულფასოვან გამოძიებას ჩაატარებს და შესაბამის დასკვნასაც დადებს.
"გარდიანი" ოპოზიციის ლიდერის, სოლომონ გინზბურგის კომენტარსაც აქვეყნებს, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ოპოზიცია დანებებას არ აპირებს.
"ისინი ვეღარავის მოატყუებენ, ჩვენ ვცხოვრობთ არა თურქმენეთში, არამედ ევროპაში და ეს 21-ე საუკუნეა", აცხადებს სოლომონ გინზბურგი.
"გარდიანის" კორესპონდენტი პოლიციაზეც საუბრობს.
"ომონის მაღალჩინოსნები უბრალო პოლიციელებს აფრთხილებდნენ, რომ სწორედ უცხოელი ჟურნალისტები და საინფორმაციო სააგენტოები აფინანსებდნენ კალინინგრადის მიტინგს", - ლუკ ჰარდინგი.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ასამდე დემონსტრანტი დააკავა.