საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის გენპროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში მიღებას იგნორირებით უპასუხებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს და აქვე განუმარტეს, რომ შესაბამის განცხადებას არც სამინისტრო გააკეთებს.
"ჩვენ ამ ფაქტს იგნორირებას ვუკეთებთ, ამიტომაც განცხადება არც უწყების და არც კონკრეტულად მინისტრის მხრიდან არ გაკეთდება", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ევრაზიის ახალგაზრდულმა კავშირმა მიიღო ოფიციალური შეტყობინება რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტიდან იმაზე, რომ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით მიღებულია წარმოებაში.
როგორც ევრაზიის ახალგაზრდულ კავშირში აცხადებენ, ვაშაძის საქმე წარმოებაშია რუსეთის ფედერაციის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს 201-ე სამმართველოს გამომძიებელთან.
2010 წლის 26 იანვარს ევრაზიის ახალგაზრდულმა კავშირმა რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის უფროსს, ალექსანდრ ბასტირკინს მიმართა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის გრიგოლ ვაშაძის მოქალაქის გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქნის აღძვრის შესახებ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნისას დაუშვა გამონათქვამები და ახორციელებდა სხვა ქმედებებს, რომლებიც წარმოშობს დანაშაულის შემადგენლობას, რაც გათვალისწინებულია, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 282-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ტექსტში ასევე საუბარია რუსეთის ფედერალური კანონის ექსტრემისტული საქმიანობის წინააღმდეგობის შესახებ პირველ მუხლზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 2009 წლის 4 ნოემბერს რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თავად განაცხადა. "მე უკვე დავწერე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე განცხადება, ამასთან კონვერტში ჩავდე ჩემი რუსული პასპორტი და ამით ჩემი როგორც რუსეთის მოქალაქის მოვალეობები ამოვწურე. მე რუსეთის მოქალაქე აღარ ვარ", - განაცხადა 2009 წლის 4 ნოემბერს ვაშაძემ
მისივე განმარტებით, რუსეთის მოქალაქის გაუქმების პროცედურა ძალიან რთულია, რადგან აღნიშნულს რუსეთის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით მას სათათბიროს "საქმე გაუადვილა". "სათათბიროს საქმე გაუადვილე და პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე უარი ვთქვი რუსეთის მოქალაქეობაზე", - განმარტა ვაშაძემ.