საქართველო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლებს აღარ გაგზავნის.
ინიციატივა პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც დღეს გამართულ ბრიფინგზე მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გაახმოვანა.
"პრეზიდენტი ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მოუწოდებს უკრაინაში მყოფ ქართველ დამკვირვებლებს სამშობლოში დაბრუნდნენ", - განაცხადა მანჯგალაძემ.
ამასთან, მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ საქართველო არ ჩაერიოს უკრაინელი ხალხის არჩევანში, რის კონტექსტშიც, "ჩვენი მხრიდან სრული ნეიტრალიტეტი იქნება დაცული".
"პრეზიდენტი წარმატებას უსურვებს უკრანელ ხალხს ახალი ხელისუფლების არჩევის გზაზე და განმარტავს, რომ საქართველოს პოზიციაა, არ ჩაერიოს ამ პროცესში. ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს რომელი კანდიდატის მხარდაჭერა. ჩვენი მხრიდან სრული ნეიტრალიტეტი იქნება დაცული", - ასეთია საქართველოს პირველი პირის პოზიცია, რომელიც მანანა მანჯგალაძემ გაახმოვანა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო უკრაინელი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს და შეეცდება, ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოს.