აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ აფხაზეთი საქართველოს მთავრობის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში შემუშავებული ახალი სტრატეგიის განხილვას არ აპირებს. ამას გარდა, ბაღაფში ახალ სტრატეგიას ასევე "გალის რაიონის მოსახლეობის მსუბუქი მოსყიდვის მცდელობად აფასებს".
"საქართველოს ხელიუფლების მიერ შემუშავებული არავითარი პროგრამების განხილვას არ ვაპირებთ. ნებისმიერი ქართული პროგრამა არის ინსტრუქცია _ როგორ დაიბრუნოს საქართველომ აფხაზეთი. ჩვენ ამ თემაზე საუბარსაც კი არ ვაპირებთ", _აცხადებს სერგეი ბაღაფში და დასძენს, რომ ამ პროგრამის საპასუხოდ აფხაზეთი საქართველოთან მდინარე ენგურზე არსებულ ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე მიმოსვლის რეჟიმს გაამკაცრებს.
"ჩვენ არ მივცემთ საქართველოს ხელისუფლებას საშუალებას გალის რაიონში ე.წ. მეხუთე კოლონა შექნას. მე წარმომიდგენია რამდენი ადამიანი არის უკვე გადაბირებული და დარბის რაიონში", _ განაცხადა სერგეი ბაღაფშმა და გალის რაიონის ე.წ. მილიციელებს მოუწოდა "მეტი ყურადღება გამოიჩინონ იმ საეჭვო ადამიანების მიმართ, რომლებიც შესაძლოა საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ".