„ქრისტიან - დემოკრატიოული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ხაშურში მოსახლეობასთან შეხვედრა გუშინ გავრცელებულ კადრებსა და კალმახელიძის გადადგომის თაობაზე საუბრით დაიწყო.
„ის რაც ჩვენ ვიხილეთ, არის საპატიმროს თანამშრომელთა და მათი ხელის დამფარებელთა სრული მორალური დეგრადაციის საშინელი მაგალითი. ჩვენ ორჯერ ზედიზედ დავსვით მინისტრის გადაყენების საკითხი პარლამენტში, რადგან გვქონდა ინფორმაცია, მაგრამ არ გვქონდა საკმარისი მტკიცებულებები. ორჯერვე „ნაციონალურმა მოძრაობამ" კალმახელიძეს ხელი დააფარა და შესაბამისი პასუხისმგებლობა აიღო. მას შემდეგ, რაც ამ ამაზრზენმა ფაქტებმა დღის სინათლე ნახა, სრულიად ნათელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი პოლიტიკური და მორალური უფლება არ აქვს ქვეყნის მართველობაზე კვლავ პრეტენზიას აცხადებდეს. კალმახელიძე მხოლოდ პრობლემის ნაწილია, თავად პრობლემა სისტემურია და სისტემურადვე უნდა მოგვარდეს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რა ხდება როცა თუნდაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სახელით მომხდარ რევოლუციას გაუწონასწორებული ძალაუფლება და ჩაკეტილი, უკონტროლო სისტემის წარმოშობა შლეიფივით აუცილებლად მოყვება. იმედი მაქვს მომავალ პარლამენტში პენიტენციალურ სისტემაში არსებული დანაშაულების დეტალურ გამოძიებას შევძლებთ და ყოფილი მინისტრი მარტო გადადგომით თავს ვერ დააღწევს. თუ დადასტურდა, რომ მას აღნიშნულ ფაქტებზე ინფორმაცია ჰქონდა და თვალს ხუჭავდა, მისი სამართლებლივი პასუხისმგებლობის საკითხი საგანგებოდ უნდა დადგეს." - განაცხადა გიორგი თარგამაძემ