კულულებიანი ხათუნა კალმახელიძე იმას კი არ უნდა ამბობდეს, რომ დამნაშავეებს დასჯის, თავად ხათუნა კალმახელიძეზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, - განაცხადა ფილარმონიასთან საპროტესტო აქციაზე მისულმა "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ინგა გრიგოლიამ.
მისი თქმით, ტელევიზიების მიერ გავრცელებული პატიმრების წამებისა და ღირსების შემლახველი ფაქტები შემაძრწუნებელია
"ნებისმიერი ხელისუფალი მისნაირ მინისტრს არათუ თანამდებობიდან გადააყენებდა, არამედ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდა", - განაცხადა გრიგოლიამ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია მაესტროს ეთერით, გადაცემა „სუბიექტურ აზრში" გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ პატიმართა ცემის ფაქტები. ვიდეოჩანაწერზე სავარაუდოდ ასახულია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიღებისა და განაწილების პროცესი, რა დროსაც სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ პატიმრებს.
ამავე დღეს, ტელეკომპანია „მეცხრე არხის" ეთერში საინფორმაციო გამოშვებაში „ახალი 9" გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტები.
ასევე გავრცელდა მორიგი ვიდეო ჩანაწერი, სადაც პატიმრების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი ფაქტებია ასახული. ჩანაწერში ნათლად ჩანს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც უშალოდ მონაწილეობს პატიმრის მიმართ უკანონო მოპყრობაში.
თავდაპირველად საგანგებო განცხადება შსს-მ გააკეთა. სამინისტროს ინფორმაციით, პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ორგანიზებაში "ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის მამა, თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს. გამოძიების ცნობითვე, დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით ხორციელდებოდა. გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად ცნეს და დააკავეს გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძე იძებნება.
აღნიშნული კადრების ეთერში გასვლის შემდგომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გაათავისუფლა.