დღეს, 15 სექტემბერს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თიანეთის მუნიცპალიტეტის სოფელ არტანში ა/კ "ჩვენი ფშავის" და სხვადასხვა სპონსორის მონაწილეობით გაიმართება დიდი სახალხო ზეიმი "ხვარამზეობა"
ზეიმისათვის გამომცემლობა "საუნჯეს" მიერ გამოცემულია ხვარამზეს ლექსების კრებული "ვერცხლის თასადამც მაქცია", რაც ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენდა და ხვარამზეობის დღესასწაულის ფარგლებში გამომცემლობის ინიციატივით მოეწყობა კრებულის წარდგინება საზოგადოებისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ქართველი პოეტები, ცნობილი სახალხო მთქმელები, ფოლკლორული კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
გამოიფინება ნატურპროდუქტი და ხელმარჯვე ოსტატთა ნაწარმი, გაიყიდება წიგნები და ხელნაკეთი ნივთები.
ზეიმის ფარგლებში წელს უკვე მეორედ ჩატარდება ერთი ლექსის კონკურსი პოეტ ქალთა შორის ერთ-ერთი პირველი ქართველი პოეტი ქალის, ხვარამზეს ("ვერცხლის თასადამც მაქცია") პრემიის მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობდა 61 პოეტი ქალი. I, II და III ადგილებისათვის დაწესებულია ფულადი პრემიები, ერთი პრემია "გრან-პრი" და ასევე სხვადასახვა სახელობითი პრიზები და სიურპრიზები. საკონკურსო ნაწარმოებებიდან შერჩეულია 15 ყველაზე მაღალრეიტინგული ლექსი. მათი ავტორები მიწვეული არიან "ხვარამზეობაში" მონაწილეობის მისაღებად.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან არასამეწარმეო კავშირი "ჩვენი ფშავი" და გამომცემლობა "საუნჯე".