ბათუმის ბულვარში მდგარი ატრაქციონი „ეშმაკის ბორბალი" ავარიული გათიშვით გააჩერეს. ატრაქციონის პარალიზების მიზეზი სამართავი კომპიუტერის სიგნალი გახდა. კომპიუტერმა სისტემაში სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა დააფიქსირა, რის შემდეგაც „ეშმაკის ბორბალი" გააჩერეს. როგორც "ბათუმელები" იუწყება, „6 მაისის პარკის" დირექტორის, გელა ბოლქვაძის განცხადებით, იმ დროისათვის ეშმაკის ბორბალზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. ატრაქციონის სათადარიგო დიზელის ძრავის საშუალებით, „ეშმაკის ბორბალი" მექანიკურად დაუშვეს ძირს.
„112-ის სამაშველო ბრიგადის გამოძახება საჭირო არ აღმოჩნდა. დიზელის ძრავით ავამუშავეთ ბორბალი და მგზავრები ჩამოვიყვანეთ. ამ დროისათვის ატრაქციონი ტექნიკურ შემოწმებას გადის და, სავარაუდოდ, ხვალ უკვე ჩაირთვება", - აღნიშნა გელა ბოლქვაძემ.
მისივე თქმით, „ეშმაკის ბორბალი" ტექნიკურ შემოწმებას თვეში ერთხელ გადის.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ბათუმში ამ ატრაქციონის ავარიულად გაჩერება გახდა საჭირო.