"აფხაზეთში სიტუაცია ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც ქართულ -აფხაზური კონფლიქტი დასრულდა. აფხაზეთი უკვე 20 წელია ცხოვრობს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამ პროცესს ვერაფერი დააბრუნებს უკან", _ განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ საქართველოსა და სომხეთში ნიდერლანდების ელჩთან, პიტერ იან ლაგერბერგთან შეხვედრისას.
მისი თქმით, უკვე გაიზარდა მთელი თაობა, რომელმაც არ იცის, რა არის ზვიად გამსახურდიას მომხრეების დემონსტრაციები და გამოსვლები იმის შესახებ, რომ აფხაზეთი ეს - საქართველოა და რომ აფხაზები არავინ არიან. "ეს თაობა ახლა 20 წლისაა", _ აცხადებს ლაკერბაია.
ლაკერბაიამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, "დროის ახალი ათვლა დაიწყო".
"ხოლო თუ აფხაზეთში გამოჩნდება ისეთი უგუნური ადამიანი, რომელიც მისი განვითარების ახლანდელი კურსის შეცვლას მოინდომებს, მისი კარიერა ძალიან მოკლე იქნება, ვინაიდან ის სიტუაცია, რომელიც ახლა არის შექმნილი, ასწლეულების შედეგია",_ განაცხადა ლაკერბაიამ.
თავის მხრივ, ელჩმა განაცხადა, რომ ჰოლანდია, როგორც ევროკავშირის წევრი, არაღიარების პოლიტიკას მისდევს, თუმცა, ამავე დროს, მას სურს თანამშრომლობა იმ სფეროებში, სადაც ამის გაკეთება შესაძლებელია.